ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კიევისთვის მილიარდ 200 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე. ბრიუსელმა კიევს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გამოუყო. დოკუმენტს ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ეს თანხა კიევს გადაეცემა ძალიან სახარბიელო გრძელვადიანი კრედიტის სახით.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 22 აპრილს გადაწყვიტა პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად 3 მილიარდი ევროს დახმარება გამოეყო რამდენიმე ქვეყნისთვის. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გარდა, 180 მილიონი - ალბანეთისთვის, 250 მილიონი - ბოსნიისთვის, 150 მილიონი - საქართველოსთვის, 200 მილიონი - იორდანიისთვის, 100 მილიონი - კოსოვოსთვის, 100 მილიონი - მოლდოვასთვის, 60 მილიონი - ჩერნოგორიისთვის, 160 მილიონი - ჩრდილოეთ მაკედონიისთვის და 600 მილიონი - ტუნისთვის იქნებოდა გათვალისწინებული.