სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის შვიდი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს. სუსის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ.ჰავალას მეთოდის გამოყენებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ და დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. კერძოდ, ისინი საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ. ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში - 2 097 000 ლარი შეადგინა.