აშშ-ის უისკონსინის შტატის გუბერნატორმა ტონი ევერსმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შტატში დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულება ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ტონი ევერსის განმარტებით, სოციალურმა შეკრებებმა 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია. გუბერნატორმა სტუდენტებს ბარებში სიარულისგან თავშეკავებისა და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდა.
უისკონსინის შტატში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 7 097 937 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 200 000-ს გადააჭარბა.