პარლამენტმა მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ს ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა მოუწევთ.
ამასთან, კანონპროექტით ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისთვისაც აქციზის ერთნაირი გადასახადი წესდება და 20 ღერზე ლარი და 70 თეთრი იქნება. შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ლარი და 70 თეთრი, ხოლო უფილტროზე 60 თეთრია. აღნიშნულ სხვაობას კი სპეციალისტები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზად მიიჩნევდნენ, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 45 მილიონ ლარს კარგავდა.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ პროექტს, მართალია ცვლილების შედეგად უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთს შორის არსებული სხვაობა აღმოიფხვრება, მაგრამ იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდა მისი საფასურის გაზრდასაც გამოიწვევს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენტულ უპირატესობას შეუქმნის. მოსალოდნელია, რომ ფილტრიან იმპორტირებულ სიგარეტზე ფასმა, დაახლოებით, 40-50 თეთრით მოიმატოს.