Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, ყველაზე „უბედური ეკონომიკის“ ქვეყნების სია გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველ ადგილს ვენესუელა იკავებს, სადაც საკმაოდ მაღალია ინფლაცია და უმუშევრობის დონე. ვენესუელა ამ სიაში უკვე მეოთხედ მოხვდა. ექსპერტთა აზრით, ქვეყანაში „უბედურების ინდექსის“ დადგენისას ისინი ეროვნული ვალუტის ინფლაციას და უმუშევრობის დონეს აკვირდებიან, რადგან სწორედ ეს ორი მიზეზი მოქმედებს სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქის ბედნიერებისა და უბედურების განსაზღვრაში. მათი აზრით, სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს მოქალაქის ცხოვრების დონეს.
„უბედური ეკონომიკის“ ქვეყნების ჩამონათვალში მე-2 პოზიციას არგენტინა იკავებს, მას მოსდევს - სამხრეთ აფრიკა, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თურქეთი და საბერძნეთი ინაწილებენ. რეიტინგის მიხედვით, „უბედური ეკონომიკის“ ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ასევე: უკრაინა, ურუგვაი, ბრაზილია, საუდის არაბეთი და სერბეთი.