2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი უმეტესად შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა, ხოლო მესამე კვარტალში ინდექსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ, თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და forset-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის პუბლიკაციაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 791-დან 866- დოლარამდე მერყეობდა. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ათას 12 დოლარი ანუ 2 ათას 147ლარი - მთაწმინდის რაიონში, ყველაზე იაფი კი 535 დოლარი ანუ ათას 343 ლარი გლდანში ღირდა. რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გასაყიდი ფასი - 855 დოლარი; ნაძალადევში - 568 დოლარი; დიდუბეში - 715 დოლარი; ვაკეში - 924 დოლარი; ჩუღურეთში - 756 დოლარი; ისანში - 660 დოლარი; კრწანისში - 809 დოლარი; ხოლო სამგორში - 556 დოლარი იყო.