აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ სოციალურმა ქსელმა "ტვიტერმა" პირველად გააკეთა სპეციალური მინიშნება, სადაც სხვა მომხმარებლებს სთავაზობს, ტრამპის განცხადებების სისწორე გადაამოწმონ. ტრამპი ამ კონკრეტულ პოსტში ზოგიერთ შტატში ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის იდეას აკრიტიკებს.
ტრამპის თქმით, არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა "მეტწილად თაღლითური" იქნება. "ტვიტერმა" კი ამ პოსტის ქვეშ ლურჯად მინაწერი განათავსა "გაეცანით ფაქტებს ფოსტით ხმის მიცემის შესახებ". ბმულზე გადასვლისას კი მთელი რიგი წამყვანი მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალების ჩამონათვალია.
დონალდ ტრამპმი მომხდარს გამოეხმაურა. მან "ტვიტერზე" დაწერა: "ტვიტერი" ახლა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა. ისინი ამბობენ, რომ ჩემი განცხადება, ფოსტით ხმის მიცემასთან დაკავშირებით, სიცრუეა. "ტვიტერი" სრულიად ახშობს სიტყვის თავისუფლებას და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ".