„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ ჩინეთის სამთავრობო დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების დაბლოკვა დაიწყეს.
როგორც „ტვიტერში“ განაცხადეს, მათ უკვე წაშალეს 936 ანგარიში, რომელიც მათი თქმით, ჰონგ-კონგში პოლიტიკური უთანხმოების დათესვას ისახავდა მიზნად. „ტვიტერის“ განცხადებით, აღნიშნული ანგარიშები კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე შეიქმნა. ისინი კოორდინირებულად ცდილობდნენ ძირი გამოეთხარათ ჰონგ-კონგში საპროტესტო მოძრაობის ლეგიტიმურობისთვის.
„ფეისბუქმა“ კი შვიდი გვერდი, სამი ჯგუფი და ხუთი ანგარიში გააუქმა.
"ისინი ხშირად პოსტავდნენ ადგილობრივ პოლიტიკურ ნიუსებს. და ცდილობდნენ დაემალათ თავიანთი ვინაობა, ჩვენი გამოძიებით დადგინდა, რომ მათ კავშირი აქვთ ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ინდივიდებთან", - განაცხადეს ფეისბუქში.
შეგახსენებთ, ჰონგ-კონგში უკვე რამდენიმე თვეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რითიც მოსახლეობა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს.