თვითდასაქმებულ პირებს კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ - Palitra News

თვითდასაქმებულ პირებს კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ

2020-05-15 10:02:42+04:00

თვითდასაქმებულ პირებს სახელმწიფოსგან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ. ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია დაერიცხებათ როგორც იდენტიფიცირებად თვითდასაქმებულს, ასევე მათ, ვინც შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდებიან.

რეგისტრირებული თვითდასაქმებულები რეგისტრაციის სპეციალურ ფორმაში მხოლოდ პირად მონაცემებს შეავსებენ, მათი შემოსავლების დადასტურება კი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მოხდება. რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც ბაზრობაზე ვაჭრობდნენ, ბავშვები გადაჰყავდათ საჯარო სკოლებში, მგზავრები გადაჰყავდათ მუნიციპალიტეტებს შორის, საცხოვრებელ ფართებს დღიურად აქირავებდნენ ამზადებდნენ სუვენირებს და აბარებდნენ მაღაზიებში, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციას აბარებდნენ სხვადასხვა ობიექტში, პირადი მონაცემების გარდა, მოუწევთ დამატებითი დოკუმენტის ატვირთვა, რომელიც შეიძლება იყოს ბაზრობისა თუ მუნიციპალიტეტის ცნობა, საბანკო ამონაწერი, ასევე შესყიდვის ან მიღება-ჩაბარების აქტი.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და შემოსავალი 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განაცხადი არაუგვიანეს პირველი ივლისისა უნდა შეავსონ. დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლებათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.