ამ ეტაპზე პრობლემის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, ტელევიზია კი, სრულფასოვნად ეთერში ჯერ ვერ ბრუნდება,- ამის შესახებ „ტვ პირველის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ პალიტრანიუსს განუცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დიაგნოსტიკა დასრულდება, ის მასალები, რომელიც საგამოძიებო უწყებას დასჭირდება, გადაეცემა.
"მასალის მოცულობიდან გამომდინარე ეს პროცესი, მინიმუმ, 2 დღეს წაიღებს. ძალიან ფრთხილად მიმდინარეობს ეს პროცესი და ალბათ, ხვალ საღამოს დასრულდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამ ეტაპზე და შსს-ს მიაწვდიან ყველა ინფორმაციას, რასაც მოითხოვენ. ამ კიბერშეტევამ მთლიან სისტემაზე იმოქმედა, ამიტომ ვცდილობთ ლოკალურ დონეზე დავიწყოთ გარკვეული კომპიუტერების, სისტემის აღდგენა", - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.