სამხრეთ თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა.
მისი თქმით, 82 წლის მამაკაცი კეპეზბელენის რაიონის ევაკუაციის დროს გარდაცვლილი იპოვეს, 10 ადამიანი კი ოიმაპინარის კაშხალთანაა ჩარჩენილი და მათ გადასარჩენად მაშველები გაგზავნეს. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხელისუფლებამ ანტალიის პროვინციის 18 სოფლისა და რაიონის ევაკუაცია განახორციელა, კიდევ 16 სოფელი კი ადანასა და მერსინის პროვინციებშია ევაკუირებული.
სატელევიზიო კადრებში ჩანს დამწვარი საცხოვრებელი შენობები და ადამიანები, რომლებიც მინდვრებისკენ გარბიან. სამაშველო და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მეხანძრეებს ვერტმფრენებითაც ეხმარებიან.