თურქეთში შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების საძიებო სამუშაოების დროს ბუნებრივი გაზის მსხვილ საბადოს მიაკვლიეს. ახალი აღმოჩენის შესახებ განცხადება ქვეყნის მთავრობამ გააკეთა. ინფორმაციას Deutsche Presse-Agentur-ი (dpa) ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მბურღავმა გემმა - Fatih-მა ახლახან საკარიას საბადოზე 135 მილიარდი კუბამეტრის გაზის საბადო აღმოაჩინა. თურქეთი შავი ზღვის ენერგორესურსების დაზვერვას მრავალი წელია, ეწევა. მას საკუთარი ენერგორესურსები აღარ ყოფნის და იძულებულია, ძირითადი ნაწილის იმპორტი განახორციელოს.
პრეზიდენტის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ახალი საბადოდან შიდა ბაზარზე გაზი 2023 წლისთვის შეიტანოს. თუმცა, ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას რამდენიმე წელი და რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება.