თურქეთი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ სირიაში, ამჟამინდელი ოპერაციის არეალის მიღმა, ახალი ოპერაციის განხორციელების საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც ვაშინგტონმა ანკარას აცნობა, ქურთი მებრძოლების "უსაფრთხო ზონიდან" გასვლის პროცესი, რასაც ანკარა ითხოვდა, დასრულებულია. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია შეაჩერა და ქურთულ ძალებს 120 საათი მისცა იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი "უსაფრთხო ზონის" მოწყობას გეგმავს. აღნიშნული ვადა სამშაბათს ამოიწურა.
სამხედრო ოპერაციის "მშვიდობის წყაროს" მიზანი, ანკარას მტკიცებით, "უსაფრთხო ზონის" შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.