თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, „სახელმწიფო საბჭომ“, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო. 2 ივლისს საქმის განხილვა 17 წუთს გაგრძელდა.
ცნობისთვის, მეექვსე საუკუნის ტაძარი, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, 1930-იან წლებში მუზეუმად იქცა. რამდენიმე თვის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდეს. საქმის განხილვამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მუზეუმად დატოვონ და მეჩეთად არ გადააკეთონ.
პომპეოს განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, პრესსპიკერმა ჰამი აკსოიმ აღნიშნა, რომ აია-სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა. „აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა,“- განაცხადეს თურქეთის საგარეო უწყებაში. მათივე თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა როცა საქმე თურქეთის სუვერენიტეტს ეხება, მოთხოვნების წაყენება მიუღებელია.