საქართველოში თურქეთის საელჩო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეხმაურება. „მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სამშვიდობო ინიციატივის ახალ პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს“, - ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ეს მიმართულებებია - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.