თურქეთიდან წელს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის რეკორდული ზრდის ფონზე, ქვეყნიდან საქართველოში რიგი პროდუქტების იმპორტის მაჩვენებელიც გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალით, რომლის იმპორტი 2021 წლის 7 თვეში გაიზარდა.საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ თურქეთიდან ყველაზე დიდი მოცულობით ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული შეიძინა. კერძოდ, 14, 675 ტონა (4.465 მლნ აშშ დოლარი), ეს მაშინ, როდესაც პროდუქტების შარშანდელი მაჩვენებელი 4,490 ტონა (1.426 მლნ აშშ დოლარი) იყო.მეორე ადგილზეა შაქარი 14, 122 ტონით (7.078 მლნ აშშ დოლარი). გასულ წელს თურქეთიდან მხოლოდ 1.06 ტონა (3.8 ათასი დოლარის) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ზოგად მაჩვენებელს, 2021 წლის იანვარ-ივლისში თურქეთიდან საქართველოში 917.3 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 729.8 მლნ დოლარის. აღსანიშნავია, რომ წელს თურქული იმპორტი პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელსაც აღემატება, მაშინ 7 თვეში თურქეთიდან იმპორტმა 867.8 მლნ დოლარი შეადგინა.