თურქეთიდან ბანანის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი საქართველო ხდება. ამასთან, თურქული პროდუქტის მომხმარებელ ქვეყნებს შორისაა, სირია, საფრანგეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი. როგორც East fruit-ი სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით წერს, თურქეთში ბანანის წარმოება 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 32,8% -ით გაიზარდა და 728 ათას 133 ტონა შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, შედარებისთვის, თუ 2016 წელს თურქეთმა 11 ტონა ბანანი გაიტანა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 22 ტონამდე და 400 კილოგრამამდე გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის, თურქეთი მთლიანად შეაჩერებს ბანანის იმპორტს და შიდა ბაზარს 100%-ით ადგილობრივი პროდუქტით უზრუნველყოფს. ამასთან, უცხოეთის ბაზრების ათვისებას უფრო აქტიურად გეგმავს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ მსოფლიოს 11 ქვეყანაში 17 მილიონ 624 ათასი დოლარის ღირებულების ბანანი იყიდა. ხოლო, 2019 წელს - 21 მილიონ 365 ათასი დოლარის. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარს, ერთ თვეში საქართველომ მილიონ 423 ათასი დოლარის ბანანი შეიძინა, აქედან მილიონ 329 ათასი დოლარის ეკვადორიდან, 93 ათას 410 დოლარის - თურქეთიდან, ხოლო, 550 დოლარის - ნიდერლანდიდან.