8 ივლისიდან, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიამიმართულებით დაწესებული სანქციები, ახალი კამპანიის - "გაატარე ზაფხული საქართველოში", წამოწყების მიზეზი გახდა. აღნიშნული სახელწოდების „ფეისბუქ“ ჯგუფის საშუალებით, ქართველები უცხოელებს საკუთარ აგარაკებსა და სახლებში, რამდენიმე დღიან, უფასო დასვენებას სთავაზობენ. სანაცვლოდ კი მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ: სოციალურ ქსელში დაწერონ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც მთავარია, მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდონ. კამპანიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოელების მხრიდან. მეტიც, მათი ნაწილი, საქართველოში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს ჰეშთეგით -#spendyoursummeringeorgia და წერს, რომ აღფრთოვანებულია ქვეყნით და კიდევ ერთხელ აუცილებლად ეწვევა.