„თუ რეალურად ღირებულის და მნიშვნელოვანის შექმნა გინდა, ჯერ მარცხის შიში უნდა დაამარცხო საკუთარ თავში“, - ხშირად იმეორებს ლარი პეიჯი, რომელიც მართალია, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად ითვლება, მაგრამ წლების წინ სხვა ახალგაზრდების მსგავსად ისიც მხოლოდ საკუთარი ენთუზიაზმის, ნოვატორული იდეების იმედად იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ Google-ის უმსხვილეს საძიებო სისტემის შექმნით სამუდამოდ შეცვლიდა საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიას.
ლოურენს ედვარდ პეიჯი 1973 წლის 26 მარტს დაიბადა მიჩიგანის შტატის ქალაქ ლენსინგში. მომავალი პროგრამისტის ცხოვრება და საქმიანობის სფერო მეტწილად მისმა მშობლებმა განსაზღვრეს, რადგან მამა - კარლ-ვიქტორი მიჩიგანის უნივერსიტეტის გამოთვლითი მეცნიერებების პროფესორი, დედა - გლორია კი, ამავე სასწავლებლის პედაგოგი იყო პროგრამირების მაგისტრის ხარისხით. მეტიც, სწორედ უფროსი პეიჯები ითვლებიან ინფორმატიკის, როგორც მეცნიერების პიონერებად და ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებად.