მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მსახიობისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაობის შეფარდების საკითხზე, სამართლებრივად გამართული იყო. როგორც გიგუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ჯიბღაშვილს წარსულში არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ ჰქონია, არც ნასამართლევი ყოფილა და შესაბამისად, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სამართლებრივვად გამართულებული იყო. ამავე დროს, გიგუაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში შექმნილი ფონის მიხედვით, აქვს განცდა, რომ ლევან ჯიბღაშვილის მიმართ შესაძლოა სასამართლომ მკაცრი სასჯელი გამოიყენოს და საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვას. თავად ჯიბღაშვილის თქმით, გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელში იმდენად დიდი ბოროტება დახვდა, რომ თუ ის ხალხი მართალია, მზად არის ციხეში დაბრუნდეს.