ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.ცურვა აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. ცურვის დროს ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურდება, სისხლის მიმოქცევის სისტემა, სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან და გარემოს სპეციფიკიდან გამომდინარე ნაკლებად იტვირთება. ცურვის დროს გულმკერდზე წყლის ზეწოლის გამო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჭირს, რაც აწრთობს და ავითარებს სასუნთქ სისტემას, ხელს უწყობს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდას. ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის. ცურვის დროს ასთმური შეტევა არ ვითარდება. ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ამიტომ ხერხემლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა. ციკლური ვარჯიშის ამ სახეობას წარმატებით იყენებენ ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას. ისინი, ვისთვისაც ხმელეთზე სპორტული დატვირთვა მტკივნეული და სახიფათოა, მშვიდად და შედარებით კომფორტულად ვარჯიშობენ წყალში. ცურვა რეკომენდებულია ხანდაზმულებისთვის, ინვალიდებისა და მსუქნებისთვის. წყალი, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას, სუსტ სახსრებს საშუალებას აძლევს, ისეთ დატვირთვას გაუძლონ, რომელიც ხმელეთზე შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს მათთვის. წყლის მაამორტიზებელი თვისებების წყალობით ვარჯიში ადვილი და სასიამოვნოა არა მხოლოდ ართრიტით დაავადებულთათვის, არამედ ორსულთათვისაც.