"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად მართვის მოწმობის აღება ძვირდება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. კერძოდ, მართალია ცვლილების შედეგად, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება, თუმცა შედარებით გაძვირდება პრაქტიკული გამოცდა, რომელიც ორეტაპიანი ხდება და მოქალაქეებს ჯერ შიდა მოედანზე, ხოლო შემდეგ რეალურ მოძრაობაში მოუწევთ მისი ჩაბარება.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდის ფასები გათანაბრდება. შედეგად, ორივე შემთხვევაში შიდა მოედანზე პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა - 40 ლარი ეღირება. რეალურ მოძრაობაში პრაქტიკული გამოცდის საფასური კი მსუბუქი ავტომობილებისთვის 90 ლარი, ხოლო სხვა კატეგორიებისთვის 150 ლარი იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, გამოცდების შემდეგ, უშუალოდ მართვის მოწმობის აღების საფასურიც, რაც დაჩქარებული მომსახურების გარეშე 15 ლარი ჯდება.