2014 წლიდან მოყოლებული წყნეთის სამთავრობო აგარაკებიდან მხოლოდ 1 აგარაკი გაიყიდა. საუბარია 17 აგარაკზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ოჯახებთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2013 წლის შემდეგ აგარაკები ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, ვისაც მისი ქირაობის სურვილი და ფინანსური რესურსი აქვს. 2014 წლიდან კი ქონება უკვე საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა. თუმცა, აგარაკებიდან მხოლოდ ერთია გაყიდული და მათი იჯარით გაცემა გრძელდება. რაც შეეხება ერთ გაყიდულ აგარაკს ქართველმა მილიონერმა თამაზ სომხიშვილმა გასულ წელს 4 მილიონ 288 ათას 320 ლარად იყიდა. აღნიშნულ თანხად სომხიშვილს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში მდებარე 8 226 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა პირადაპირი მიყიდვის ფორმით.