თელავის რაიონულმა სასამართლომ, წნორში დეიდის მკვლელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა, რომლითაც 26 წლის ილია გურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეფარდებოდა. თავის მხრივ დაცვის მხარე ბრალდებულისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც გასათვალისწინებელი იყო. ცნობისთვის, ილია გურაშვილს გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი დეიდა, 50 წლის ირინა ხაილოვა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. მისი სახლიდან კი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო.