მაროკოს ცნობილი სასწაული - ხეებზე მცოცავი თხები, ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადამიანები ჯგუფებად მიდიან, რათა "ბუნების" ეს საოცრება საკუთარი თვალით იხილონ. ამ მოვლენამ ცხოველთა მოყვარული ფოტოგრაფის, არონ გეკოქსის ყურადღება მიიპყრო. მან აღმოაჩინა, რომ ცნობილი ღირსშესანიშნაობა მხოლოდ და მხოლოდ სასტიკი გართობაა, რომელიც ადგილობრივმა ფერმერებმა შექმნეს.
38 წლის ბრიტანელმა ფოტოგრაფმა და ცხოველთა დამცველმა აქტივისტმა არონ გეკოქსიმ ნათელი მოჰფინა მაროკოს ცნობილ ღირსშესანიშნაობას. ის გაემგზავრა მაროკოში და აღმოაჩინა, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა "ხეზე მცოცავი თხები" ტურისტების ატრაქციონად გადააქციეს, რათა ცხოველების ხარჯზე ფული ეშოვათ.
ფერმერებს ცხოველები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ, მათ ხეზე ერეკებიან, ხოლო ზოგჯერ ტოტებზე საკუთარი ხელით სვამენ. ისინი ფოტოს სანაცვლოდ ტურისტებისგან თანხას იღებენ. მძიმე დღის შემდეგ, დაღლილი თხები ხეებიდან ჩამოჰყავთ და ფერმაში აბრუნებენ. გამთენიისას, თხები კვლავ "სამუშაოდ" მიჰყავთ.
ფოტოგრაფის თქმით, თუ რომელიმე თხა იღლება და ტოტზე დგომა აღარ შეუძლია, ის ფერმერს ჩამოჰყავს და მის ადგილზე სხვა თხა აჰყავს. ხნიერ ცხოველებს, რომლებსაც სიცხეში დიდ ხანს დგომა არ შეუძლიათ, ადგილობრივი ფერმერები სასაკლაოზე უშვებენ.
ცხოველთა დამცველების თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ თხები გზის პირას ხეზე დგანან. ტურისტების მუდმივ ტალღას ცხოველებისთვის არაფერი მოაქვს გარდა ძლიერი სტრესისა.