"საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კახეთის რეგიონშიც. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.
ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას "საქმიან ეზოებში". აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.
მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო აგრძელებს საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში.
სამუშაოები ამჟამად 14 ობიექტზე - სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 "საქმიანი ეზო" მოეწყობა.