საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი.
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ვიდეოკონფერენციის ფორმატში რეგულარულად შეიკრიბება. სხდომის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაცია საზოგადოებას ინტენსიურად მიეწოდება.