21 წლის ანა ნაცვლიშვილის საზარელმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა. 22 თებერვალს, ანას ნაწამები ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სკვერში იპოვეს. ფაქტის თვითმხილველმა ძალოვანმა განაცხადა: "წლებია ასე სადისტურად მოკლული ადამიანი არ მინახავს". გოგონა სისხლის გუბეში იწვა, ყელი გამოღადრული ჰქონდა, ექსპერტმა 7 ჭრილობა დათვალა ყელის არეში, ასევე, დაზიანებული ჰქონდა თავიც. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ შეყვარებულთან ჰქონდა მიმოწერა. ამ დროს ანას შეყვარებული ახლობლებთან ერთად ტრიალებდა... იმ დილით გოგონას ძებნა სწორედ მან დაიწყო. გამთენიისას მიადგა სახლში ანას ოჯახს. კარი დამ გაუღო და მას უთხრა, ტელეფონით ვწერდი ანას, მაგრამ სოციალურ ქსელში არ მპასუხობს, არც მობილურის ზარებს იღებს და სად არისო? ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ გოგონა შინ იყო, მაგრამ ოთახში ვერ იპოვეს და ამის შემდეგ დაიწყეს მისი ძებნა, რამდენიმე საათში კი ეს შემზარავი ამბავი შეიტყვეს. პოლიცია დანაშაულის გახსნას ცდილობს. მეზობლები და ახლობლები მომხდარს ახსნას ვერ უძებნიდნენ. გარდაცვლილს ყველა დადებითად ახასიათებდა. ვერ აეხსნათ ვის ან რატომ უნდა მოეკლა სიცოცხლით სავსე, ლამაზი გოგონა. ძალოვნებმა დანაშაული გახსნილად იმავე დღესვე გამოაცხადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ანის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ცნობილია ოფიციალური ვერსიაც, სადისტური მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო და გოგონა შეყვარებულმა შურისძიების მოტივით მოკლა. არადა, ახლობლები იხსენებენ თითქოს დამწუხრებული დაკარგულ შეყვარებულს რა "გულმოდგინედ" ეძებდა... თურმე გამთენიისას მეგობრებთან ერთად გრიგალაშვილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზეც კი ავიდა - შეყვარებულის საძებნელად.მართალია გოგონას ცხედარი პოლიციას ნაპოვნი ჰქონდა, მაგრამ თავიდან თქვეს, რომ თითქოს გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იწვა. თემქის საავადმყოფოში მივიდნენ გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები. ანის მამას თურმე ანის შეყვარებულიც მიყვებოდა გვერდით. ძალოვნები თვლიან, ამ გზით დამნაშავე შეეცადა ალიბის შექმნასო. პოლიციამ საავადმყოფოდანვე წაიყვანა ის მოწმის სტატუსით დასაკითხად და მერე გარეთ აღარ გამოუშვეს.ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, კვალის წაშლაზე წინასწარ იზრუნა დამნაშავემ და მიმოწერები ორივეს ტელეფონში წაშლილია. ცხადია, ძალოვნებისთვის არც ამ მიმოწერის აღდგენაა პრობლემა. მას მერე, რაც ექსპერტები აღადგენენ სატელეფონო მიმოწერას, კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.მართალია ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სხვისი ჩადენილია, მაგრამ "კვრის პალიტრის" წყაროს ინფორმაციით, "მოწმედ დაკითხვისას, გრიგალაშვილმა დეტალურად აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა". "ჩვენებაში ლაპარაკობს: ანა ჩემი საცოლე იყო, ამ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე შავი ფერის ბმვ-ში იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთა. მინდოდა მაშინვე გამერკვია შეყვარებულთან ეს ამბავი, მაგრამ ანა იმ დღეებში თბილისში არ იყო და ვერ ვნახეო. ადასტურებს, რომ იმ ღამით სწერდა მას, გამოიყვანა სახლიდან, ჰკითხა ვისთან დადიოდა და როცა ზემოთხსენებული მანქანა უხსენა, ანა შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გააღიზიანა და ამ დროს მოკლა", - ამბობს წყარო.
იხილეთ ვრცლად kvirispalitra.ge-ზე