გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები იმედოვნებდენ, რომ დაკავებულის გათავისუფლება დღეს მოხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ე.წ. საასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დაკავებულის უპირობოდ გასათავისუფლებლად ღონისძიებების გასატარებლად 10-დღიან ვადას აძლევენ.
დაკავებულის ძმის ჯუმბერ მღებრიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 10 დღის ვადაში დაკავებულის უპირებოდ გათავისუფლება არ მოხდება, პროტესტის ნიშნად ფართომასტაბიან აქციას გამართავენ.
შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.