რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას. ამასთან, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ჯამური ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.
რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, 4 სექციად არის დაყოფილი და ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. აღსანისნავია, რომ ახალი გზის პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც 30 კილომეტრით შეამცირებს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს. ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. კერძოდ კი, თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მომავალში ამ მონაკვეთის დასაფარად 4-4.5 საათი იქნება საკმარისი.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, ჯამში, 5 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება