ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ, „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“, გაიმარჯვა.
როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, ხმების 90% დათვლილია და წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის 151-ადგილიან პარლამენტში მმართველმა პარტიამ 66 ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა მათი მთავარი ოპონენტი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში 41 ადგილი მოიპოვა. ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები 5 ივლისს ჩატარდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელია პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, თუმცა 5 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ხორვატია კორონავირუსის ეპიდემიას ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, წარმატებით გაუმკლავდა. ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსის 3 000-ზე ცოტა მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო 113 პაციენტი გარდაიცვალა.