ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო შემფასებელი მისიის წევრების, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა“ და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე პანდემიის ფონზე მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. მისი თქმით, ამ ვითარებაში, საერთაშორისო შემფასებელი მისიის საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანია. ქეთევან ჩაჩავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული უსაფრთხოების განცდა და არ იყოს ამომრჩევლის დაბალი აქტივობა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო დამკვირვებელი მისიის წევრებს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი მასპინძლობს და დელეგაციის შეფასებები მათი ორგანიზაციის შემაჯამებელ ანგარიშშიც აისახება. ამასთან, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი წელს პირველად ჩაატარებს ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, რომელიც გამვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წევრებითა და საერთაშორისო ორგანიზაციის - დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტის საერთაშორისო დამკვირვებლებით დაკომპლექტდება.