ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან ყველა იმ პროცედურის განხორციელებას იწყებს, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის არის აუცილებელი. როგორც საინფორმაციო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ცესკო მოქალაქეებისთვის ყველა პირობას ქმნის, რომ მათ კენჭისყრის დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება.
დღეს გამართულ ცესკოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკიც, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს დეტალურად ასახავს.
პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.