ხმების ოფიციალური დათვლის შედეგების თანახმად, კვირას, პოლონეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ გაიმარჯვა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დუდამ ხმების 43.5% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი 30.46%. დანარჩენი ათი საპრეზიდენტო კანდიდატიდან, 10%-ზე მეტი არც ერთს მიუღია.
რამდენადაც, პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იან მხარდაჭერრას ვერ მიაღწია, პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ერთმანეთს 12 ივლისს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.
კვირას, პირველ ტურში მოქალაქეთა აქტივობამ 64.5% შეადგინა, რაც ქვეყნისტვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 48 წლის მოქმედმა პრეზიდენტმა „კანონი და სამართლის პარტიიდან“ ამომრჩევლებს პარტიის ეკონომიკური პროგრამის შესრულების პირობა მისცა, ასევე აქცენტი ტრადიციული ოჯახის დაცვაზე გააკეთა. ანჟეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტად პირველი ვადით 2015 წელს აირჩიეს.