წერილი, რომელიც გონიოში ზღვაში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახს გაუგზავნეს - როგორ ცდილობდნენ ფულის გამოძალვას? - Palitra News

წერილი, რომელიც გონიოში ზღვაში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახს გაუგზავნეს - როგორ ცდილობდნენ ფულის გამოძალვას?

2017-11-03 14:09:49+04:00

"ინტერპრესნიუსმა" 2016 წლის აგვისტოში, გონიოში, ზღვაში, წვრთვნების დროს გაუჩინარებული სამხედროს სახელით დაწერილი ერთ-ერთი წერილი მოიპოვა, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებმა ჯარისკაცის ოჯახს გაუგზავნეს. დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვის ბრალდებით 3 ადამიანია დაკავებული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით, წერილებს მხოლოდ ერთი ბრალდებული წერდა, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა. წერილში ბრალდებული პირი გიორგი ნანეტაშვილის სახელით ჯარისკაცის ოჯახს წერს, რომ სხვისი კუთვნილი 39 ათასი დოლარი დახარჯა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხა. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ მას საქართველოში არ დაედგომებოდა და ქვეყანაში რომ დარჩენილიყო, აუცილებლად მოკვდებოდა.