2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 40.2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ამასთან, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.7 პროცენტული პუნქტით.