2022 წელს მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა 207 მილიონამდე გაიზრდება, რაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელზე 21 მილიონით მეტია. ამის შესახებ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labour Organization-ILO) ახალ ანგარიშში არის ნათქვამი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შრომის ბაზრის აღდგენის ადრინდელი ოპტიმისტური პროგნოზები, COVID-19-ის ბოლო ვარიანტების, დელტას და ომიკრონის გავრცელების გამო, ვერ გამართლდა. ამასთან, გაურკვეველია, თუ როგორი იქნება ვირუსის მომავალი.
ILO-ს გენერალური დირექტორი შიშობს, რომ პანდემიის მიერ შრომის ბაზრისთვის მიყენებული ზიანი შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს. მისივე თქმით, პანდემიის ზემოქმედება მსოფლიოს ყველა რეგიონის შრომის ბაზარზე იგრძნობა, თუმცა აღდგენის ტემპი განსხვავდება. აღდგენის ყველაზე დამაიმედებელი ნიშნები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია, ყველაზე ნაკლებად დამაიმედებელი კი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში.