ამბობენ, ყოველ ერს თავისი ნიშა აქვსო. ალბათ, ეს მართალიცაა. ქართული ერის გენია სწორედ ცეკვაშია. მართალია, სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთი ტრადიციული ცეკვები გააჩნიათ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ქართული არც ერთ მათგანში არ მეორდება. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ტრადიციული ცეკვის თითოეულ ილეთსა თუ მოძრაობას თავისი შინაარსი გააჩნია. ქართველები ცეკვაში ქართულ სულს ძერწავენ. ცეკვის დროს ქალი კაცისგან გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს-ეს ოდითგანვე ქართველი მანდილოსნის კდემამოსილებაზე მეტყველებდა.
ეს ცეკვა ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესია. ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართულის ქორეოგრაფიული დადგმა სცენისთვის განხორციელდა. იგი 5 ნაწილისგან შედგება, სადაც კაცი ქალს იწვევს საცეკვაოდ, ამას მოსდევს ერთად ცეკვა, ქალის სოლო შესრულება და დასკვნა, სადაც ისინი ერთად ცეკვავენ.
ცეკვა ქართულს არ გააჩნია კუთხურობის ნიშანი,რაც იმას ნიშნავს,რომ მასში ზოგადად ქართული სულია განსახიერებული, ამავე დროს ქალსა და კაცს შორის გამოხატულია ჭეშმარიტი ქართული ურთიერთობა:სიყვარული,ერთგულება,პატივისცემა,თავშეკავებულობა და მოკრძალებულობაა. ამასთანავე ცეკვა ქართული, ფოლკლორულ ცეკვებს შორის ყველაზე რთულად შესასრულებელ ცეკვად ითვლება.
ამ ცეკვის უბადლო შემსრულებლები იყვნენ ფრიდონ სულაბერიძე და მისი მეწყვილე.
შესრულების აუცილებელი პირობაა — ქალთათვის — სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის — მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი„ და სხვ.
ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად ითვლება და ჩვენი კულტურის ნამდვილ განძსა და ჭეშმარიტ სიამაყეს წარმოადგენს.