მართალია, რიგითი ობივატელისთვის ბილ გეითსი მხოლოდ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი და ხელგაშლილი ქველმოქმედია, მაგრამ სინამდვილეში მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ფაქტებით, რაც გეითს საოცარ, მართლაც უნიკალურ ადამიანად აქცევს.
გავრცელებული სტერეოტიპი, თითქოს წარმატებას მხოლოდ ნაკლებად შეძლებულ ოჯახში გაზრდილი, მძიმე ბავშვობა გამოვლილი ახალგაზრდები აღწევენ - მცდარია, რისი საუკეთესო მაგალითი სწორედ ბილ გეითსია, რომლის წინაპრები რამდენიმე საუკუნის მანძილზე მიეკუთვნებოდნენ შეერთებული შტატების ელიტარულ საზოგადოებას.
უილიამ ჰენრი გეითს-მესამე 1955 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში კორპორატიული ადვოკატის უილიამ ჰენრი გეითს-მეორეს და მისი მეუღლის - მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრის მაქსველ გეითსის ოჯახში. ბილის ბაბუა ნაციონალურ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი ბაბუა კი, სიეტლის მერი და სენატორი იყო. ბავშვობაში ახლობლები ბილის "ტრეის" (trey) მეტსახელით მიმართავდნენ, რაც ერთის მხრივ, მის ბანქოს თამაშით გატაცებაზე, მეორეს მხრივ, სახელის ნუმერაციაზე მიანიშნებდა.