წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელს აგზავნის. როგორც "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, "ტატუნაშვილების ოჯახის სახელით რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შედის ". სარჩელს მთავარ მტკიცებულებად მიჰყვება დასკვნა, რომელიც მომზადებულია "ემპათიას" 10 სხვადასხვა ექსპერტის მიერ",-განაცხადა ჯიშკარიანმა. დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი ტრავმული დაზიანების კვალი: ნაჭდევები, თითის მოტეხილობის, მრავლობითი ვრცელისისხლნაღვენთებისა და ჭრილობების სახით, დაზიანებები მიყენებულია ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევის მიზნით, ჯგუფურად - არაერთი პიროვნების მიერ. საექსპერტო დასკვნის თანახმად, ტრავმული დაზიანებები ტატუნაშვილს აღენიშნება მთელ სხეულზე, თითქმის ყველა მიდამოში. დგინდება, რომ ცხინვალის პროკურატურაში ან უშიშროების იზოლატორში, ადგილი ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილისადმი სასტიკი მეთოდებით ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმების მიყენებას აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.