"ტრიადად" წოდებული ჩინური მაფია, რომელიც 2 500 წლის წინ დაიბადა და მსოფლიოს უძველეს დანაშაულებრივ ორგანიზაციად ითვლება, პირველად მატიანეში იმპერატორ ცინ ში ხუანდის (221-210 წლები ჩვენს ერამდე) მმართველობის პერიოდში იქნა მოხსენიებული და დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ, თუმცა უმსხვილეს კრიმინალურ დაჯგუფებად რჩება, რომელიც 1 200 000-ზე მეტ თანამოაზრეს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან "ტრიადა" ყველგანაა, სადაც ჩინელები არიან! პირველი სარწმუნო ცნობა დაჯგუფებაზე, რომელმაც მოგვიანებით შეიძინა "ტრიადას" სახელი, 1644 წელს მიეკუთვნება, როცა მინის დინასტიის უკანასკნელი იმპერატორის დამხობის შემდეგ ძალაუფლება მანჟურიის დინასტიის - ცინის ხელში გადავიდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა 133-მა ბუდისტმა ბერმა მინის დინასტიის ნებისმიერ ფასად დაბრუნება და მართალია, წლების მანძილზე თავგანწირვით ებრძოდა მანჟურიელ დამპყრობელს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. აჯანყებულთა უმეტესობა შეიპყრეს და სასტიკად დასაჯეს, ცოცხლად გადარჩენილმა ხუთმა ბერმა კი, რომლებიც ახლა შურისძიების სურვილმა გაერთიანა, საიმედოდ კონსპირირებული ჯგუფი შექმნა და ერთგავარ ემბლემად სამკუთხედი აირჩია, რომლის მხარეები ჩინური ფილოსოფიის სამ ძირითად ელემენტს - ცას, მიწას და ადამიანს განასახიერებდა. თუმცა, გეომეტრიული ფიგურის საკუთარ სიმბოლოდ არჩევა არა მხოლოდ ფილოსოფიურმა სწავლებამ, არამედ ჩინურ კულტურაში ფართოდ გავრცელებულმა ნუმეროლოგიის ტრადიციამ განაპირობა, რომლის თანახმად ციფრი "3" ყოველთვის განსაკუთრებული თვისებების მატარებელი იყო.