ტრანსპორტზე, ბანერებზე, მედიაში აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინა.
კერძოდ, პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული ან მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული თამაშობისთვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატულ მეტრ ფართობს.
რაც შეეხება სანქციას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აზარტული/მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას 10 ათასი ლარის ოდენობით. ხოლო დაჯარიმების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ყოველ თვეში გაორმაგდება.
შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილისა და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებულ წინა კანონპროექტს, მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდ 50 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა.