ტრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტშია აღნიშნული.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციით სარგებლობაზე სანქცია ორმაგდება და არსებული 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება. ამის პარალელურად ამ ტიპის დარღვევაზე მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულაც დააკლდება.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაორმაგებაც იგეგმება. ამასთან, როგორც მომზადებულ პროექტშია საუბარი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის. უფრო კონკრეტულად, სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომილების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.