ტყიბულის შახტაში 14 საათიანი სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამთო მაშველებთან ერთად ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირები. ადგილზე რჩებიან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.
უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.