28 წლის ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ესპანური ლიგის თებერვლის უძვირფასესი მოთამაშისთვის (MVP) კუთვნილი ჯილდო გადაეცა. ეს, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან მატჩამდე მოხდა, რომელიც ბასკონიამ მოიგო და ლიგა ენდესას პლეიოფის ზონაში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ შენგელია გასული თვის საუკეთესო კალათბურთელად ჯერ კიდევ თებერვლის შუაწელს აღიარეს, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ესპანეთის სათასო მატჩებისა და სანაკრებო ფანჯრის გამო, ჩემპიონატის შეხვედრები დაგეგმილი აღარ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს. პირველად, ეს, 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.