2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 40 მილიონ 164 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა - 345 მილიონ 457 ათასი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში შტატებიდან საქართველოში ყველაზე მეტი - 4 მილიონ 111 ათასი დოლარის ღირებულების შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები შემოვიდა. მას მოსდევს გაყინული თევზი - 2 მილიონ 309 ათასი დოლარით, ხოლო მე-3 ადგილზეა - თხილი და სხვა კაკალი, რომლის იმპორტმაც - მილიონ 598 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, შეერთებულ შტატებში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-3 პროდუქტია - ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები და ხილისა და ბოსტნეულის წვენები.