ტოკიოს სასამართლომ ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში კომპანია "ტეპკოს" ყოფილი ხელმძღვანელობა უდანაშაულოდ ცნო.
"ტეპკოს" ყოფილ ხელმძღვანელებს: ცუნეჰისა კაცუმატას, საკაე მუტოს და იჩირო ტაკეკუროს სამსახურებრივი გულგრილობა ბრალდებოდათ. სახელმწიფო პროკურატურას კომპანიის წინააღმდეგ საქმე არ აღუძრავს. მათი აზრით, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შემთხვევაშიც ავარიას თავიდან ვერ აიცილებდნენ. სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ასეთი დიდი ცუნამის საფრთხის შესახებ კომპანიის მეთაურები ინფორმირებულები თუ იყვნენ. გაირკვა, რომ კომპანია "ტეპკოს" შვილობილმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2008 წელს მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც ატომური ელექტროსადგურის რაიონში 15,7 მეტრის სიმაღლის ცუნამი იყო მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, ატომური ელექტროსადგური "ფუკუსიმა 1" 2011 წელს 9 ბალიანი მიწისძვრისა და მის შემდეგ წარმოქმნილი ცუნამის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან.