2019 წლის პირველი კლასიკური სუპერტურნირი, კვირას, 13 იანვარს, ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ჰაცუ ბაშო აიღებს სტარტს, თუმცა მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ტოჩინოშინი, ჯერჯერობით უცნობია. სამწუხაროდ, ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ვარჯიშზე ლევანს მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი მონაწილეობა იანვრის ტურნირზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. კარგი ისაა, რომ კუნთი სრულად არ არის გაწყვეტილი და ექიმთა ვარაუდით, მის აღდგენას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება. თუკი ლევანი ვერ მოახერხებს ჰაცუ ბაშოზე გამოსვლას, ამ შემთხვევაში მას მაკე-კოში დაუფიქსირდება და მომდევნო ბაშოზე უკვე საკუთარი წოდების დაცვაზე მოუწევს ზრუნვა.