რამდენიმე დღის წინ დაზარალებულად დავიკითხე, მივეცი ჩვენება და სავარაუდო საეჭვო პირთა წრე ჩამოვთვალე, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მიცემულ ერთთვიანი ვადა ამოწურულია.„სავარაუდო საეჭვო პირთა წრე ჩამოვთვალე. არა კონკრეტული გვარები, არამედ გარკვეული ჯგუფი და ასევე დავაყენე რამდენიმე საკითხი და რაც მთავარია გავეცანი მასალებს. თუმცა ამ მასალებში ვერაფერი სასიკეთო და იმედის მომცემი ვერ ვნახე. არც ერთი მტკიცებულება არ დევს. თუმცა ამბობენ, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. ცხრა ტომი წავიკითხე, ორი დღე ვიჯექი და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამის წაკითხვა. გამიჩნდა უფრო მეტი კითხვა ვიდრე მქონდა. ახლა ველოდები მინისტრის საჯარო დაპირების შემდეგ იმ მთავარ კითხვაზე პასუხს. მალე ვაპირებ მასთან და მთავარ პროკურორთან პირადად შეხვედრას. ორივესთან მაქვს მთავარი კითხვა: მითხრან ვინ დაგეგმა და ვინ განახორციელა ეს საზარელი ქმედება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და იქვე დასძინა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ აზიარებს ვიდეოებს და უგზავნის მეგობრებს. დეპუტატის თქმით, მას მხოლოდ ორგანიზატორები აინტერესებს და საქმის საბოლოო გამოძიებამდე დანებებას არ აპირებს.