რა თქმა უნდა, ყველა დიდ აღმოჩენასა თუ გამოგონებას თავის ისტორია აქვს, გამონაკლისი არც თანამედროვე კომპიუტერია, რომლის წინამორბედად თამამად შეიძლება ჩაითვალოს „ტიურინგის მანქანა“ და მისი შემქმნელი - ბრწყინვალე ბრიტანელი მათემატიკოსი და გენიალური კრიპტოგრაფი ალან ტიურინგი, რომელსაც მართლაც საოცარი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა აღიარება მხოლოდ ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მოიპოვა, რადგან თავის დროზე სამეცნიერო საზოგადოების მიერ უარყოფილი, დღეს არა მხოლოდ ინფორმატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების პიონერად, არამედ „ბრიტანული ჰომოფობიის ყველაზე უსამართლო მსხვერპლად“ ითვლება.
ალანის მშობლებმა - უძველესი შოტლანდიური არისტოკრატული გვარის წარმომადგენელმა იულიუს მეტიუს ტიურინგმა და ანგლო-ირლანდიური თავადაზნაურობის, წარჩინებულ ირლანდიელ პროტესტანტთა შთამომავალმა სარა ეტელ სტონიმ ინდოეთში, ქალაქ ჩჰატრაპურში გაიცნეს ერთმანეთი, როცა იულიუს მეტიუსი ბრიტანეთის კოლონიალურ უწყებაში მსახურობდა, სარა ეტელი კი მამას - მადრასის რკინიგზის მთავარ ინჟინერს უწევდა კომპანიონობას. წყვილმა ინდოეთში იქორწინა და იქვე შეეძინა უფროსი ვაჟი ჯონი, რომელსაც მშობლების აზრით, ძალიან გაუჭირდა უცხო ქვეყანაში არისტოკრატისთვის შესაფერისი განათლების მიღება, ამიტომ უმცროსი შვილის დაბადების მოლოდინში ბრიტანეთში გადაწყვიტეს დაბრუნება.
ალან მეტისონ ტიურინგი 1912 წლის 23 ივნისს დაიბადა ლონდონში, ვესტმინსტერის პრესტიჟულ რაიონში, თუმცა ბავშვობა აღმოსავლეთ სუსექსის პატარა ქალაქ ჰასტინგსში გაატარა ბრიტანეთის ეროვნული გვარდიის გადამდგარი პოლკოვნიკის ოჯახში, რომელსაც მშობლებმა ინდოეთში დაბრუნებამდე მიაბარეს ძმასთან ერთად. მართალია, მცირეწლოვანი ტიურინგები, რომლებიც მოგვიანებით კერძო ინტერნატში გადაბარგდნენ, ყოველთვის განიცდიდნენ მშობლების ყურადღების დეფიციტს, მაგრამ არასდროს გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად, რადგან სწორედ ასე იზრდებოდნენ წარჩინებული ბრიტანელების შთამომავლები.